ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში ირანის ელჩის განცხადება, რომელიც ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა მუქარად აღიქვა, "ქართული ოცნების" პირველ პირებთან იყო შეთანხმებული.

"ჩემი პირადი შთაბეჭდილება: იმდენად სწრაფად მოხდა მისი მუქარა, მოთხოვნილი იყო სწორედ, ქართული ე.წ. ოფიციალური პირებისგან. მას უთხრეს, მოგვაწექი, რომ ამერიკელებს ვუთხრათ - სრულფასოვნად გვერდში ვერ დაგიდგებით, იმიტომ რომ პირდაპირი საფრთხე გვაქვს, ხედავთ ეს ტიპი [საქართველოში ირანის ელჩი] როგორ გვემუქრება", - განაცხადა თარგამაძემ "TV პირველთან". 

გივი თარგამაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სეიედ ალი მოჯანმა პირველი განცხადება facebook-იდან აიღო, [X-ზე კი ისევ იძებნება] მისი მუქარის ტონი მეორე განცხადებაშიც არ შეცვლილა. მეტიც, თარგამაძის მტკიცებით, ელჩმა მუქარას შანტაჟიც დაამატა. 

"მოჯანი ამბობს, რომ პირველი განცხადების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა.

როგორც გაირკვა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩი მისივე მოთხოვნით იყო. მერე რაც ილაპარაკა, ერთხელ ინტერვიუში და შემდეგ სოციალურ ქსელში, ეს მუქარა გააგრძელა, არაფერი შეუცვლია [...] ამას ადამიანურ ენაზე ჰქვია, მუქარა და შანტაჟი. მუქარა გააგრძელა და შანტაჟი გააგრძელა. ტელევიზორიდან აჟღერებს შანტაჟს - აი, ახლა არაფერი შეგეშალოთ! 

ამ ყველაფრის შემდეგ ამათ [ქართულ ოცნებას] აიათოლების აიათოლების მთავრობის ფეხის გასაწმენდ ჩვრად თუ ვაღიარებთ - ელემენტარული თავმოყვარეობის საკითხი უნდა იყოს პიროვნულ დონეზე, აღარ ვამბობ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე.

[ირანის ელჩმა] მუქარით დაიწყო, დახვეწა ეს ყველაფერი, გააგრძელა შანტაჟით და მუქარით, თავხედური ქვევით და თავხედური საუბრით. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ამ პროცესს ესენი [ქართული ოცნება] ვერ აკონტროლებს. შეჭრილები არიან ამ პროცესში ფულის გამო, რომ გვერდის ავლით ატარონ სანქცირებული ნავთობი", - განაცხადა გივი თარგამაძემ. 

მისივე განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, მისი განცხადებების გამო უკვე გაძევებული უნდა იყოს ქვეყნიდან.

"პირველივე განცხადებისთანავე უნდა ყოფილიყო მისი დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და გაფრთხილება, რომ ამის გაფრთხილების შემთხვევაში, ბოდიშიდა, აქედან აახვევ, უკვე ახვეული უნდა იყოს, რადგან განგრძობითი მუქარისა და შანტაჟის რეჟიმშია", - განაცხადა თარგამაძემ. 

31 მარტს, მას შემდეგ რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა, ალი მოჯანიმ,  facebook-ზე დაწერა, რომ „არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან“ და "კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“.