მეუფე შიო არ არის კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძი და ვერც ერთი მღვდელმთავარი ვერ იქნება, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა "TV პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ ისიც არ არის გადაწყვეტილი იქნება თუ არა მოსაყდრე შიო პატრიარქობის კანდიდატი, რადგან მას ამ სურვილის შესახებ არ განუცხადებია.

"მეუფე შიო, დანამდვილებით, არის სრულიად კანონიკური, ლეგიტიმური მოსაყდრე, მას შემდეგ, რაც კათოლიკოს-პატრიარქმა ეს ქვეყანა დატოვა. მანამდე ის იყო ამ სტატუსით, იცით, რომ მისი გამორჩევა, რაღაც სპეციფიკურ პერიოდში მოხდა, შემდეგ კი პატრიარქს ეხმარებოდა. პატრიარქი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ არც განუმარტავს ვინმესთვის მეუფე შიოს უფლებამოსილების შესახებ. არ ჩათვალა მიზანშეწონილად, იგი აძლევდა დავალებას, შემოსაზღვრა უფლებამოსილებით, რაც უნდა გაეკეთებინა. მეუფე შიო არ არის კათალიკოს-პატრიარქის ანდერძი, ისევე როგორც არცერთი მღვდელმთავარი. ამის უფლებას არცერთ მღვდელმთავარს და არც პატრიარქს ამის უფლებას კანონიკა არ აძლევს, რომ მან მის შემცვლელად ვინმე სამართლებრივად დაადგინოს. ნებისმიერ წინამორბედს შეუძლია, გასცეს რეკომენდაცია, თუმცა პატრიარქისგან ასეთი პირდაპირი მნიშვნელობით რეკომენდაცია, არ ყოფილა. ამავდროულად, პატრიარქმა მიზანშეწონილად მიიჩნია, მეუფე შიოს [მოსაყდრის] მოვალეობა შეესრულებინა, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავინახოთ სიზუსტით. თუ მეუფე შიოს უნდა საპატრიარქო პატივში მსახურება, მას აქვს ამის სრული, ლეგიტიმური უფლება, თუ მოიპოვებს [სინოდის წევრების] უმრავლესობის მხარდაჭერას, ის იქნება კანონიკური, ლეგიტიმური კათოლიკოს-პატრიარქი და დედაქალაქის მთავარეპისკოპოსი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მღვდელმთავარი", - განაცხადა მეუფე ზენონმა.