ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ასეთ შეკრებაზე, იქნება ეს ევროსაბჭო, ევროპარლამენტი თუ ნებისმიერი სხვა ორგანო, ჩვენ ველოდებით ხოლმე უფრო და უფრო კრიტიკულ და შემაშფოთებელ განცხადებებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამდენი ადამიანის სანქცირება და შემდგომში იზოლაციის კიდევ უფრო გაღრმავება მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს სრულ იზოლაციას უქადის.

"სანამ ივანიშვილის რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, მანამდე გაგრძელდება ასეთი უარყოფითი შეფასებები. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ასეთ შეკრებაზე, იქნება ეს ევროსაბჭო, ევროპარლამენტი თუ ნებისმიერი სხვა ორგანო, ჩვენ ველოდებით ხოლმე უფრო და უფრო კრიტიკულ და შემაშფოთებელ განცხადებებს.

ჩვენ ამ ხალხის სანქცირება იმიტომ გვაღელვებს, რომ სისტემის მოცილების გარეშე ამდენი ადამიანის სანქცირება და შემდგომში იზოლაციის კიდევ უფრო გაღრმავება მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს სრულ იზოლაციას უქადის, ეს არის საშიში, თორემ, გასაგებია, რომ კონკრეტული ინდივიდების სანქცირება, რომლებმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი ცუდი გააკეთეს, არ იქნებოდა ამდენად შემაშფოთებელი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.

რეზოლუცია "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მდგომარეობას შეეხება.