რუსეთი, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში ბირთვული ქობინით აღჭურვილი თანამგზავრის გასაშვებად ემზადება. ნატომ საპასუხოდ პირობა დადო, რომ მოკავშირეებს კოსმოსშიც დაიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას AFP ავრცელებს.

ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ცნობების შესახებ ბერლინში ვიზიტის დროს ჰკითხეს.

"ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი დუიმი და ეს მოიცავს ჩვენს უსაფრთხოებასაც, როდესაც საქმე კოსმოსურ ელემენტს ეხება", - განაცხადა რუტემ.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო, თუმცა შეშფოთება გამოხატა.

"ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, ახალი არ არის, მაგრამ ამის გამო ისინი ნაკლებად შოკის მომგვრელი არ ხდება. ისინი აჩვენებს, ესკალაციის რა დონეზეა მზად რუსეთი წასასვლელად“, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე არ დაადასტურა აღნიშნული მონაცემები, თუმცა აღნიშნა, რომ მათ "ძალიან სერიოზულად“ ეკიდებიან. ამავდროულად, მან მოუწოდა, „ჰიპოთეტური საფრთხეების გამო ზედმეტი ნერვიულობა“ არ შეიქმნას.

მოსკოვის გეგმების შესახებ ტელერადიოკომპანიებმა WDR-მა და NDR-მა და გაზეთმა Sueddeutsche Zeitung-მა დაწერეს. ჟურნალისტები ბუნდესვერს და გერმანიის დაზვერვაში (BND) ანონიმურ წყაროებს დაეყრდნენ. მათი მონაცემებით, რუსეთი აპირებს ბირთვული ქობინით აღჭურვილი თანამგზავრის, სახელწოდებით „სპუტნიკ-ს“ (Sputnik-S) გაშვებას, რაც შესაძლოა, უახლოეს კვირებში მოხდეს.

დაზვერვის მონაცემები ამ გეგმების შესახებ ცოტა ხნის წინ ნატოს რამდენიმე ქვეყანას გადაეცა, გერმანიის მთავრობამ კი შესაბამისი ბრიფინგი მიიღო. აპარატი, სავარაუდოდ, მოსკოვის ოლქში ინახებოდა. მისი გამოყენება შესაძლებელია დედამიწის ორბიტაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სადამკვირვებლო თანამგზავრების ჩასახშობად ან გასანადგურებლად.

BND-ში ინფორმაციის კომენტირებაზე უარი განაცხადეს. ბუნდესვერის კოსმოსურმა სარდლობამ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის საერთო განცხადებებზე მიუთითა, რომ კოსმოსში არსებულ საფრთხეებს სერიოზულად აღიქვამენ.

პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ თემაზე ბოლო პუბლიკაციები არ უნახავს. მისი თქმით, ხშირი ცნობები „უცნობ წყაროებზე“ დაყრდნობით „სერიოზულად აღსაქმელი ნაკლებად არის“.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა იოზეფ აშბახერმა გამოცემა Handelsblatt-თან კომენტარში კოსმოსში ბირთვული იარაღის გამოჩენას „ყველაზე კოშმარული სცენარი“ უწოდა.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე აშშ-ში განაცხადეს რუსეთის გეგმების შესახებ, ორბიტაზე ბირთვული ანტისატელიტური იარაღი განეთავსებინა. შეფასებების მიხედვით, კოსმოსში ერთ ბირთვულ აფეთქებას შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს 10 ათასამდე თანამგზავრი და ადამიანები GPS-ის, თანამგზავრული ინტერნეტისა და მობილური კავშირის გარეშე დატოვოს. ასეთი აპარატის შემუშავებაზე ადრეც წერდნენ - ამერიკული დაზვერვა იუწყებოდა, რომ რუსეთი მუშაობდა თანამგზავრზე, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეეძლო.