საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება რომ ჰყავდეს დღეს და ცოტა მაინც დემოკრატიისა და დასავლეთისკენ იყოს გადახრილი, აი, ეს ყველაფერი თბილისში მოხდებოდა, -  ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ მსგავსი ტიპის მნიშვნელოვანი სამიტები მიმდინარეობს სომხეთში და არა საქართველოში, ეს "ქართული ოცნების" ბრალია.

"სულ რაღაც 5 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ერევანში მთელი ევროპის და დემოკრატიული სამყაროს ლიდერები ჩავიდოდნენ, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო, ამიტომ, ყოჩაღ სომხებს, ყოჩაღ ფაშინიანს და ყოჩაღ პუტინს. თუ მადლობებს გავყვებით, აქ ყველაზე დიდი მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის უნდა გადავუხადოთ იმიტომ, რომ მისი და უკრაინელი ხალხის სიმამაცე არის მთავარი ფაქტორი.

დიდი სურათი სწორედ ის არის, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ სხვა დანარჩენ ქვეყნებთან ერთად დააფიქსირა კავკასიისადმი, როგორც რეგიონისადმი ინტერესი და ეს ძალიან კარგია და ეს ასევე, მინიშნებაა იმისა, თუ როგორ მცირდება რუსეთის გავლენა და როგორ იზრდება დემოკრატიული ევროპის გავლენა კავკასიაში, სამწუხაროდ, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე.

საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება რომ ჰყავდეს დღეს და ცოტა მაინც დემოკრატიისა და დასავლეთისკენ გადახრილი, აი, ეს ყველაფერი თბილისში მოხდებოდა და ის, რომ დღეს თბილისი გამორთულია ამ ყველაფრისგან, ეს არის სწორედ ივანიშვილისა და კობახიძის დამსახურება, რომელიც ვითომ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ხელის ჩამორთმევაზე და კულუარულ შეხვედრებზე ცდილობდა საუბარს და რაღაცის გამოდნობას.

მე მაინც მგონია, რომ მთავარი ამბავი მაინც იყო ის, რომ "ქართული ოცნება" ეძებს აღიარებას, თანაც ყველაფრის ფასად და ჩვენ ამას ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის ეს გზავნილები საკმაოდ დამაბნეველია, აქამდე "დიფ სთეითის" ხალხი იყვნენ ესენი და ახლა ხელს ართმევენ, წინააღმდეგობრივი გზავნილია, მაგრამ "ქართული ოცნება" ამაზე აღიარების ხათრით წავიდა", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.