დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებით არის დაპატიმრებული.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია ევროპული ღირებულებებისგან დაცლილია.

"მსგავსი განცხადებები არის ძალიან მძიმე, შეურაცხმყოფელი. პირველ რიგში, ჩრდილს აყენებს ევროპულ გზას. ასეთი ფაქტები მიუთითებს იმაზე, თუ რა დღეშია ევროპული ბიუროკრატია. ბრეიზას განცხადებაც ნათელი მაგალითია, თუ როგორ ხდება ზოგადად იარლიყების მიკერება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა  - ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ. შეფუთული იყო ვითომ რაღაც ლობიზმით. რეალურად კი აღებ-მიცემობას ჰქონდა ადგილი. მსგავსი რამ წარმოუდგენელია. ჩვენ რისთვის ვიბრძვით, როდესაც ევროპულ მომავალსა და ღირებულებებზე ვსაუბრობთ?! სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.