თუკი მოსამართლე ჩათვლის და მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს, სრულიად შესაძლებელია, რომ ნიკასთან მიმართებით გამოყენებული იქნეს არასაპატიმრო სასჯელი, როგორიც არის ჯარიმა, რომელსაც ითვალისწინებს აღნიშნული მუხლი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროგნოზირება, თუ რას გადაწყვეტს მოსამართლე, გაუჭირდება. 

"გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც სასამართლოში წარმოდგენილი იქნება განაჩენები აღსრულებასთან დაკავშირებით, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, როგორც ჯარიმას, ისე თავისუფლების აღკვეთას და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, არის, მოგეხსენებათ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც ალტერნატივის სახით ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ასევე თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. თუმცაღა, იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით ნიკა იმყოფება საპატიმროში, ის ჯერ კიდევ იხდის სასჯელს წინა განაჩენებით დანიშნულ სასჯელებს ვგულისხმობ, ეს არის კომისიაზე გამოუცხადებლობა და წყლის შესხმის ეპიზოდი სასამართლო პროცესთან მიმართებით, ამიტომ, ვერ გავაკეთებთ ვერანაირ პროგნოზს, რა სასჯელი შეიძლება იყოს გამოყენებული მასთან მიმართებით, თუმცაღა ობიექტური მიდგომის თვალსაზრისით, თუკი მოსამართლე ჩათვლის და მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს, სრულიად შესაძლებელია, რომ ნიკასთან მიმართებით გამოყენებული იქნეს არასაპატიმრო სასჯელი, როგორიც არის ჯარიმა, რომელსაც ითვალისწინებს აღნიშნული მუხლი", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.