შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას, - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

"დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას. 

სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.