შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, სამი მჭიდი და 129 ვაზნა. დგინდება, რომ ორივე დაკავებული სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.