ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი იყო არამხოლოდ მთლიანად ამოგლეჯილი კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის ისე წარდგენილი, რომ შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრული არასწორი ინტერპრეტაცია, -  ამის შესახებ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 23 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე მითითებით, მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია.

როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური გაცვლისთვის.

ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროება ვიგრძენი, რომ პრემიერის ყურადღება მიმექცია, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციები. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრული არასწორი ინტერპრეტაცია.

მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი.

ამას ვითხოვ ასევე, როგორც საქართველოს ცნობილი და აქამდე პატივცემული მეგობარი.

მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ ევროპული მომავლისკენ", - აცხადებს ვარჰეი.