1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები, - ამის შესახებ პოლონეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

საელჩოს განცხადებით, პოლონეთი და საქართველო ერთად იბრძოდნენ ტირანიის წინააღმდეგ.

"1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა და სიცოცხლე გაწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. პოლონეთი და საქართველო მაშინ ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ქართველებს რუსული ტანკები დაუპირისპირდა. მათ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველები განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს და დახოცეს.დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.