ვითარება იქნება გაცილებით უკეთესი და "ქართულ ოცნებას" ნებისმიერი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, ან განცხადება, კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე აქამდე იყო, -  ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთის არჩევნების შედეგები მთელ ევროკავშირზე და მათ შორის საქართველოზეც იქონიებს გავლენას.

"ვიქტორ ორბანი იყო "ქართული ოცნების" მთავარი ფარი, რომელმაც აარიდა "ქართული ოცნების" კონკრეტულ მაღალჩინოსნებს ყველა სერიოზული ქმედება, იქნებოდა ეს სანქციების თუ განსაკუთრებული შეზღუდვების სახის. საბოლოო ჯამში, ჩვენ - საქართველოს მოქალაქეებს ძალიან ძვირი დაგვიჯდა იმიტომ, რომ ორბანის ამ ხისთავიანი, ხისტი პოზიციის და "ქართული ოცნების" დამცველობის გამო, ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებზე, რაც არ უნდა დამდგარიყო. ამან გამოიწვია ის, რომ ევროკავშირს მოუწია დამატებითი მექანიზმების ამოქმედება და შეცვლაც. ახლა, როცა ვიქტორ ორბანი აღარ იქნება, მე პირადად მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ევროკავშირს აქვს კონსენსუსი ევროპის საბჭოში, უახლოეს მომავალში იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა, რომელზეც სიარტო ნამდვილად აღარ იქნება. როგორც თქვა მადიარმა, სიარტო ახლა ზის საგარეოში და ანადგურებს იმ დოკუმენტებს, რომლითაც დასტურდებოდა მისი  კავშირები რუსეთთან და დასტურდება ის, თუ როგორ ეხმარებოდა რუსეთს და როგორ იყო რუსეთის აგენტი. ასე რომ, ჩვენთვის, როგორც საქართველოს პატრიოტებისთვის, ვისაც გვინდა საქართველოში დემოკრატიული და ნორმალური მდგომარეობა, ვითარება იქნება გაცილებით უკეთესი და "ქართულ ოცნებას" ნებისმიერი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, ან განცხადება, კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე აქამდე იყო", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანი თანამდებობიდან გადადგება.