ვერასოდეს მივიღებ და გავიგებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი წერს.

"ამ ცხოვრებაში ბევრ რამეს თუნდაც უსიამოვნოს შეიძლება, სამწუხაროდ, გაგებით შევხვდე, მაგრამ მე ვერასოდეს მივიღებ და გავიგებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური - რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურიდან ლევან ვასაძე, ასევე ბორტნიკოვის სპეცსამსახურიდან მაკა ასათიანი, კგბ-ს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის რეზიდენტი, ერის დაუძინებელი მტერი გოგა ხაინდრავა, ასევე ბანდიტი ოლიგარქები, პაპაშვილი და სხვა ჩუმად, უკანა კარიდან შეპარულნი. მთელ ამ პროცესს კი დისპეტჩრობს ეროვნული ბოროტება, რუსეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტი, მილიარდერი ვანო ჩხარტიშვილი. იქნებ პასუხი გაგვცენ - ვინ გამოუწერა ამ კრემლის ყურებს საშვები?" - წერს შალვა ნათელაშვილი.

სამებაში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც მაკა ასათიანი, ლევან ვასაძე და გოგა ხაინდრავა ესწრებიან.

სინოდის წევრები დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.