შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის, მოქალაქეების მიერ სხვადასხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.