უკვე შემდგარი ფაქტია, რომ რეალური ზეწოლის პირობებში, (ქვეყნის გარეთ და შიგნით) „ოცნება“ უკან იხევს. ეს ფაქტი კარგად გავიაზროთ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

"რუსული ოცნების“ ზოგიერთ ბოლოდროინდელ მოქმედებაზე შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება ჯერ არ მინდა, თუმცა, ორ საკითხს მინდა, გავუსვა ხაზი:

უკვე შემდგარი ფაქტია, რომ რეალური ზეწოლის პირობებში, (ქვეყნის გარეთ და შიგნით) „ოცნება“ უკან იხევს. ეს ფაქტი კარგად გავიაზროთ. თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც ამდენი ხანია იბრძვის, უნდა დააფასოს საკუთარი შრომა. სწორედ თქვენი ჯიუტი შემართების და მოქმედების გამო „ოცნებას“ უწევს, დაიხიოს უკან. არ არსებობს გარე ზეწოლა შიდა წინააღმდეგობების გარეშე. ყოველ ჯერზე, როცა ვიტყვით - „რა აზრი აქვს?!“, გავიხსენოთ კონკრეტული სანქცირებული და ფულზე მოწუწუნე პროპაგანდისტები და კობახიძის სახე, ზელენსკის გვერდით როცა იდგა.

"ოცნების“ უკან დახევა, ახლა იქნება ეს თუ მერე, ჩვენს წინაშე დააყენებს დიდ გამოწვევას - პირველივე უკან დახევით დავკმაყოფილდებით თუ არა, ან მათივე დაგროვილი უამრავი უსამართლობიდან 1-ის გამოსწორებას ხომ არ დავჯერდებით ან თავს ხომ არ მოვიტყუებთ და ფასადურ დათმობას რეალურ დათმობად გავასაღებთ?! - ეს დაუშვებელია, რადგან „ოცნება“ ახალ წრეზე წავა და მარცხი გარდაუვალი იქნება.

ამიტომ დავაფასოთ, რომ ბრძოლას შედეგი აქვს, რომ იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე ზოგჯერ გვგონია და მოთმინება არ დავკარგოთ. ბოლომდე!“, - წერს ელენე ხოშტარია.