ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა და წამოდგება მუხლებიდან ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"სრულიად ბუნებრივია, რომ ივანიშვილის საქართველოში, რუსი იქცევა როგორც დამპყრობელი და ქართველებს მიიჩნევს დაბალ რასად, ხოდა კონკრეტულ ღორს ქართველმა გასცა ღირსეული პასუხი და აბა ვინ დაიჭირეს? რა თქმა უნდა, ქართველი.

ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა და წამოდგება მუხლებიდან ჩვენი ქვეყანა, დავიბრუნებთ ჩვენს ეროვნულ სიამაყეს", - წერს სააკაშვილი.

ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.

მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას გულისხმობს.