კომპანია იწყებს მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენას, ოღონდ თავისი პირობებით და დათქმებით. სწორედ დათქმებშია ის ეშმაკობები, რაც მომავალში ჭიათურას ჯოჯოხეთად ექცევა, - ამის შესახებ ჭიათურელმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე  თქმით, ჭიათურაში დაიწყო მასობრივი შიმშილობა, ამ ეტაპზე 5 ადამიანი შიმშილობს.

"ჭიათურაში უკვე 60 დღეა, უწყვეტი საპროტესტო აქციაა. აქციის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ კომპანიამ 27 მარტს სმს-ით გამოგვიცხადა, რომ 3 620 ადამიანი, რომელიც "ჯორჯიან მანგანეზში" არის დასაქმებული, სამსახურიდან დაითხოვა. ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, იყო საპროტესტო აქციები ხელფასის და იმ პირობების მოთხოვნით, რაც ჭიათურაში წლებია არ არის. დღეს, მე-60 დღეს  იმ შედეგზე გავედით, რომ ხელფასი, რომლის დაბრუნებასაც კომპანია არ აპირებდა, ორი თვის ანაზღაურება მეტ-ნაკლებად დარიგდა, დარიცხეს. ასევე, კომპანია, რომელიც აცხადებდა, რომ წამგებიანია მიწისქვეშა სამუშაოები და მაღარო, რისთვისაც აუცილებელია, რომ დავკეტო მაღარო, გავკოტრდიო, შემობრუნდა, გადაიფიქრა და იწყებს მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენას, ოღონდ თავისი პირობებით და დათქმებით. სწორედ დათქმებშია ის ეშმაკობები, რაც მომავალში ჭიათურას ჯოჯოხეთად ექცევა. 

გაჩვენებთ განცხადებას, რაზეც კომპანიის ხელმძღვანელები ხელს აწერინებენ ჭიათურაში. განცხადება მოიცავს იმას, რომ ყველა დასაქმებული ოფიციალურად უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან, უნდა დაემორჩილოს რეორგანიზაციას და მასობრივი დათხოვნის მოთხოვნას, ასევე, კომპანია შემდეგ შესთავაზებს თეორიულ გამოცდას, რომელსაც სპეციალისტები ჩაატარებენ ყოველგვარი წინასწარი გადამზადების გარეშე. კომპანიის მიზანი ის არის, რომ 3 620-ის ნაცვლად დასაქმებული ჰყავდეს დაახლოებით, 1 000-1 500 ადამიანი. იურისტები ისაუბრებენ ამ განცხადებაზე.

მინდა მოგახსენოთ, რომ ჭიათურაში უკვე მესამე დღეა, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა ჩვენმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ირაკლი ჯიქიძემ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაიყვანეს საავადმყოფოში. მიიღო წამლები და ისევ აქციას დაუბრუნდა. ასევე, დღეს, ორშაბათიდან ჭიათურაში დაიწყო მასობრივი შიმშილობა. ამ ეტაპზე 5 ადამიანი შიმშილობს, თუმცა მსურველი ძალიან ბევრია. 

60 დღეა, ვითხოვთ ერთადერთ რამეს, რომ  მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ჭიათურას, მივმართეთ პრემიერს, პრეზიდენტს, საპატრიარქოს. დღეს ვიყავით მეცნიერთა აკადემიაში", - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.