4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე, თორნიკე მჭედლიშვილი და ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, პატიმრობაში რჩებიან.

დღევანდელ  წინასასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და გადაისინჯა დაკავებულების და ძებნაში მყოფი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც ძალაში დარჩა.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.