ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს ფიზიკურ ძალადობაში ამხელენ.  დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ გიორგი ძიძიკაშვილმა მასზე სასტიკად იძალადა. მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავა გახდა. ასევე ცნობილია, რომ კონფლიქტში მონაწილე პირები ერთმანეთის ნათესავები არიან.

ელენა ზაუზოვკოვა "ტვ პირველთან" ჰყვება, რომ ნათესავი მას თავს ღამის საათებში დაესხა და გამეტებით სცემა.

52 წლის ქალს ხელთ, მისი თქმით, აქვს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ინციდენტიდან მეორე დღეს ჩატარდა და მიღებულ დაზიანებებს ასახავს. თუმცა, მიუხედავად არსებული დოკუმენტაციისა, ქალი სამართალდამცველებს არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.

დაზარალებული ირწმუნება, რომ გიორგი ძიძიკაშვილი მხოლოდ გამოკითხეს და მალევე გაათავისუფლეს.

"ღამის საათები იყო, უკვე ვიწექი, ახალ ჩაძინებული ვიყავი. მომვარდა, გადმომაგდო საწოლიდან და თავისა და სახის არეში დამიწყო გამეტებით რტყმა. ცემის დროს მეუბნებოდა, რომ წავსულიყავი სახლიდან, მეორე დღეს დაბრუნდებოდა და თუ დავხვდებოდი, ადგილზე მომკლავდა. სახლის დატოვებას მაიძულებდა, მემუქრებოდა, რომ არ მეყვირა, არ მეთქვა ეს ყველაფერი პოლიციისთვის. რა თქმა უნდა, მეორე დღესვე წავედი პოლიციაში, დავაფიქსირე ჩემზე ძალადობის ფაქტი და აღწერეს დაზიანებები, გადამიყვანეს ექსპერტიზაზეც. ის გამოჰკითხეს და გაუშვეს. ის არის ჩემი მეუღლის ძმის სიძე, მუშაობდა ივანიშვილის დაცვის სამსახურში და ვფიქრობ, რომ ამით სარგებლობს და იყენებს გავლენებს", - აცხადებს ქალი. 

"პირველებმა" ინფორმაციის გადამოწმება სცადა თავად ბრალდებების ადრესატთანაც, მასთან სახლში მივიდა, თუმცა გიორგი ძიძიკაშვილმა საუბარი არ ისურვა. 

ინფორმაცია "პირველებს" შსს-ში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ახლა საქმე 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.