დღესვე გვეცოდინება პასუხი, ვის მიმართ გააკეთებენ საპროცესო შეთანხმებას და ვის მიმართ არსებითად დასრულდება ამ საქმის განხილვა, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა.

 მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია, ვლადიმერ ღუდუშაურს დააკისრებენ თუ არა ზიანის ანაზღაურებას.

"ვლადიმერ ღუდუშაურის სახელით მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. დღეს ბრალდების მხარე ამბობს დასკვნით სიტყვას და სავარაუდოდ, დღესვე გვეცოდინება პასუხი, ვის მიმართ გააკეთებენ საპროცესო შეთანხმებას და ვის მიმართ არსებითად დასრულდება ამ საქმის განხილვა.

ზიანის ანაზღაურების ნაწილთან დაკავშირებით, ჩვენ განცხადებაში არ მიგვითითებია იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო პროცესზეც გამოიკვეთა, რომ ვლადიმერ ღუდუშაურს არანაირი თანხა არ შეხვედრია ამ თანხიდან, შესაბამისად, ჩვენ შევიტანეთ განცხადება პირობით მსჯავრზე და გირაოს შეფარდებულ თანხაზე, დანარჩენი უკვე პროკურატურაზეა დამოკიდებული, ზიანის თანხას დააკისრებენ თუ არა", - განაცხადა  დიმიტრი მჭედლიშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან. ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.