ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან ჩვენთვის გაურკვეველია, თუ ერთხელ იქნა დაბარებული ალექსანდრე დილის საათებში გამოკითხვაზე, რატომ გახდა მისი ხელახლა გამოკითხვა საჭირო, - ამის შესახებ კახეთში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მოწმის მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილის ადვოკატმა ლაშა კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მან პოლიციის განყოფილება გვიან ღამით დატოვა.

“ალექსანდრე მრელაშვილი ამბობს, რომ სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოასხეს რაღაც სითხე, რომელიც დაესხა აპარატურას და დაზიანდა. ალექსანდრე დილის საათებში იმყოფებოდა გამოკითხვაზე, საღამოს საათებში, როცა განყოფილებასთან ვიმყოფებოდით, გამოვიდა განყოფილებიდან და განაცხადა, რომ მიცემული ჰქონდა ჩვენება და არაფრის შეცვლას არ აპირებდა, რაზეც პოლიციელები გამოეკიდნენ და ძალის გამოყენებით შეიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მერე იქ რა მოხდა აღარ ვიცი, მოგვიანებით, ალექსანდრე გამოვიდა განყოფილებიდან ისე, რომ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან ჩვენთვის გაურკვეველია, თუ ერთხელ იქნა დაბარებული ალექსანდრე დილის საათებში გამოკითხვაზე, რატომ გახდა მისი ხელახლა გამოკითხვა საჭირო", - განაცხადა ლაშა კაპანაძემ.

ალექსანდრე  მრელაშვილი 19 ივლისს საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით იყო დაბარებული და კახეთში, სასტუმრო "აგარანის მამულში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით იკითხებოდა, სადაც რუს ტურისტებსა და ქორწილში მყოფ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მრელაშვილმა "გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა". შსს-მ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.