შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული უ.ო. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.