მე დავაყენებ შუამდგომლობას, რომ ვინაიდან არის საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, აღნიშნული სასამართლო სხდომა გაიხსნას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ნიკა მელია აღნიშნულ სასამართლო სხდომას არ ესწრება.

"მე დავაყენებ შუამდგომლობას, რომ ვინაიდან არის საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, აღნიშნული სასამართლო სხდომა გაიხსნას და მიეცეს შესაძლებლობა პრესას და მოქალაქეებს, რომ დაესწრონ სასამართლო სხდომას. ასევე, დაცვის მხარე წარადგენს შესავალ სიტყვებს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაიწყება იმ არარსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რომლებიც საქმეშია მიცემული.

ნიკა მელია აღნიშნულ სასამართლო სხდომას არ ესწრება", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროცესია ჩანიშნული. სხდომა 15:00 საათზე დაიწყება. გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე) მუხლებით.