საპროცესო შეთანხმების მოლოდინი ძალიან დიდია და ვფიქრობ, მოხდება შეთანხმება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიციას ამ ეტაპზე არ გაასაჯაროებს. 

"საპროცესო შეთანხმების მოლოდინი ძალიან დიდია და ვფიქრობ, მოხდება შეთანხმება. ჩვენ, ყოველი შემთხვევისთვის სურვილი გვაქვს, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩვენ გვიან მივმართეთ, მაგრამ დრო გვაქვს სააპელაციო სასამართლოში, რომ მოხდეს შეთანხმება პირობებზე, რომელსაც გავაცნობთ ბატონ ჯუანშერს და ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს საპროცესო შეთანხმება. ბატონი ჯუანშერის პოზიცია ჯერჯერობით არ მინდა გავაჟღერო”, - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.

საქმის პროკურორის პროკურორის ანი ლეკიაშვილის თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ უარი ეთქვათ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

"დღეის მდგომარეობით არ მოხდა მათ შორის სააპელაციო საჩივრების წარდგენა და გადაიდო შემდეგი პროცესისთვის ეს ყველაფერი. დღეს შემიძლია დავადასტურო ის გარემოება, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, დღესაც არის იგივე მოცემულობა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.  მათ შორის, ჩვენი მხრიდან რაიმე პირობა არ შეთავაზებულა და ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მსგავსი საკითხის განხილვა. 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ უარი ეთქვათ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მათ შორის იმ პირობების გათვალისწინებითაც, რომ ის, რაც საპროცესო შეთანხმებისთვის არის აუცილებელი - აღიარება, ზიანის ანაზღაურება არ მომხდარა. დღეის მდგომარეობითაც, ამ კუთხით არაფერი არ მომხდარა. პირობების შეთავაზება, როგორც წესი, ხდება ბრალდების მხარის მხრიდან და შემდგომში დაცვის მხარე გამოხატავს ან უარს ამბობს ამ პირობებზე. დღეის მდგომარეობით რაიმე მსგავსი არ განიხილება. 

პირველ ინსტანციაში საპროცესო შეთანხმებაზე იყო უარი, დღეის მდგომარეობითაც იგივე მოცემულობაა, თუმცაღა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პირს აქვს მომართვის უფლება. მომართვის განხილვაზე უარს რა თქმა უნდა, არავის არ ვეტყვით", - განაცხადა ანი ლეკიაშვილმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.