საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებს სოციალური დახმარება მოუხსნეს. კარგი რა, ხალხო, კარგი რა, მართლა სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი, - ამის შესახებ კასპის წმინდა გიორგის ტაძრისა და კასპის მუნიციპალიტეტის ე.წ საზღვრისპირა სოფლების ღვთისმსახური, დეკანოზი ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს და არ აქვთ არანაირი შემოსავალი.

“ახლა ვნახე ჩვენი სტუდენტი გოგო, ერთი თვის გზის ფული მივეცი და პლუს ხანდახან, რომ ყავასა და ნამცხვარზე შევიდეს. მიხაროდა ძალიან და ღიმილი პირზე შემაშრა. მამამისი მეუბნება, სოციალური მოგვიხსნესო.

კარგით რა, ხალხო, კარგით რა, მართლა სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი. ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს, არ არის არანაირი შემოსავლის წყარო, სარწყავი წყალიც კი არ მოდის, რომ რამე მოიყვანონ. გასაგებია, რომ ითხოვს კანონი, უნდა გადაამოწმო, რომ მიხვალ და შეხედავ სახლს და დანგრევაზეა, რაღად უნდა შესვლა შიგნით, რა, ლიფტს გააკეთებდნენ თუ აუზს?! მიეცი რა ის ორი კაპიკი. რომელ ერთზე ვიდარდო, ან რამდენს დავეხმარები მე“, - წერს დეკანოზი ლევან ჯიქური.