მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება და ქართული ენის და ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა, ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში განაცხადა. 

მისივე თქმით, უფალი ადამიანებს ახსენებს, რომ ის არ ტოვებს თვის შექმნილ სამყაროს, არ ტოვებს საქართველოს და რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს და ევედრება ღმერთს საქართველოსთვის.

"დიდ მარხვაში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ, აღსარებისკენ და მრავალმა ჩვენგანმა შეისმინა ეკლესიის ეს მოწოდება და ბევრი მოვიდა ეკლესიაში, აღსარება თქვა, ეზიარა, შეძლებისდაგვარად სული განიწმინდა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც არ შეისმინეს ეკლესიის დედობრივი ხმა და არ მოსულა. რა არის ამის მიზეზი? ეს შეიძლება იყოს რაღაც მძიმე ცოდვა, ან ცოდვები, რომელიც ადამიანს აწევს სულზე, მაგრამ არ უნდათ ამ ცოდვებთან განშორება, მათთან ბრძოლა არ უნდათ.

უფრო ხშირად კი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თითქოს ცარიელია, სულიერად ღარიბია, აღსარების გარეშე მიტოვებულია და ვეღარ გრძნობს განბანვის და განწმენდის, სულიერი განწმენდის აუცილებლობას, თავიანთ სხეულს უვლიან ზედმიწევნით, სულზე კი არ ზრუნავენ. აი, თუ მარხვაში ვფიქრობდით სინანულზე, მარხვის შემდეგ, ამ პერიოდში, ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ აღარ დავუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ, აღარ გავიმეოროთ ისინი და ჩვენი სული არ დავტოვოთ სულიერი საზრდოს, მზრუვნელობის გარეშე. როგორც გვასწავლის პავლე მოციქული, „სულს ნუ დაშრეტთ“. რას ნიშნავს დაშრეტთ? ე.ი. ნუ დაშრეტთ ნიშნავს, ნუ ჩააქრობთ სულს. აი, ამაში შეგევწიოს ჩვენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი და სიხარული. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღე გახლავთ დღეს, როგორც გახსოვთ, ის სასწაულებრივად გამოჩნდა ზღვაში, ათონის ივერითა მონასტრის ახლოს და ჩვენმა ქართველმა ღირსმა მამებმა გამოაბრაძანეს ზღვიდან და დააბრძანეს ტაძარში, მაგრამ მეორე დილას დახვდათ კარიბჭის თავზე, რის გამოც ამ ხატს ეწოდა კარიბჭის ხატი.

როგორც არის დაუჯდომელში სიტყვები - "გიხაროდენ სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მართალთათვის განმღებელო“, მაშასადამე, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი სამოთხის კარებს უღებს მართალ ადამიანებს, სამოთხეში უშვებს, სწორედ ამიტომ მივმართავთ მას ჩვენ, „გვაცხოვნენ ჩვენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო“, მხოლოდ მას მივვმართავთ, არცერთ წმინდა ადამიანს ასე არ მივმართავთ და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც ჩვენზე მოიღო, იმისთვის, რომ ღირსგვყო ჩვენ, ქართველები, მისი წილვხვდომილი ერი ვყოფოლიყავით. ამის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ამ ხატის ქართულ მონასტერში მიბრძანება არის. და არ არის შემთხვევითი, რომ აღდგომიდან მესამე დღეს არის ამ დიდებული ხატის ხსენება, როგორც საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდისა, შეიძლება ითქვას, რომ სააღდგომო ხატია, ყველაზე გამორჩეული ხატია იბერიის ღვთისმშობლის ხატი. ამ ხატის მეშვეობით, იმ სასწაულების მეშვეობით, უფალი ჩვენ გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს თვის შექმნილ სამყაროს, არ ტოვებს საქართველოს და რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს ჩვენთვის და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, გვშუამდგომლობს მის წინაშე და ამ ხატის მოვლინებაც არის დასტური მისი მფარველობის და წყალობის და ამ ხატიდან გვეძლევა ჩვენ შეწევნა, რომ დავამარცხოთ ცოდვები და სული გადავირჩინოთ.

მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება და ქართული ენის და ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა, ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე“, – განაცხადა მეუფე შიომ.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. ასევე, დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა.