მტკიცებულებების მხრივ ვერაფერს წარმოადგენენ, ასეთი რამე არ არსებობს, შენობების ჩამორთმევის პერსპექტივას ვერ ვხედავ. პროკურატურით და სასამართლოთი ეს ვერ მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს ყველაფერი კანონის დაცვით აქვს შეძენილი.

"სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, როგორც გახსოვთ, ბატონი გურგენიძე ამბობდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს ვერ გავხდებითო, საქართველოს უნივერსიტეტს ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი და თვითონ გურგენიძე წულუკიანის კომისიაზე ითხოვდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ.

რაც შეეხება ქონებას, თვითონ გურგენიძეც აღიარებს და მისი პრორექტორი კოპალიანიც აღიარებს, რომ რამდენიმე მილიონად იყო შეძენილი და როცა საუბრობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კაპიკი არ მიუღიაო, ეს ლოგიკურია, წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ეს ქონებები და შესაბამისად, ფული შეუვიდა ეკონომიკის სამინისტროს. ეს ქონება იყო არა ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრება, არამედ ეკონომიკის სამინისტროსი. აქ იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, აქ გეპეი არასდროს არ ახორციელებდა არც სასწავლო და არც კვლევით საქმიანობას, ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა აუქციონზე და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა.

ტექნიკურ უნივერსიტეტს ბევრი ქონება აქვს თავისი, რომელიც ასევე მოუვლელია, გუშინ პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა და ჯერ იმ შენობებს მიხედონ, რაც გადასცა ეკონომიკის სამინისტრომ.

მტკიცებულებების მხრივ ვერაფერს წარმოადგენენ, ასეთი რამე არ არსებობს, შენობების ჩამორთმევის პერსპექტივას ვერ ვხედავ. პროკურატურით და სასამართლოთი ეს ვერ მოხდება", - განაცხადა კონსტანტინე თოფურიამ.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ქონება დაყადაღდეს და დაუბრუნდეს ტექნიკურ უნივერსიტეტს.