უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დღეს მომხდარ სროლას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, გამომძიებლებს თავდამსხმელის მოტივებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია აქვთ.

"ამჟამად ჩვენ ვაწარმოებთ მის შესახებ ყველა შესაძლო გამოძიებას და იმის გარკვევას, თუ რატომ გააკეთა ეს. ყველა დეტალი უნდა გადამოწმდეს. გამომძიებლები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. მისი ყველა ელექტრონული მოწყობილობა, ტელეფონი და ყველა მისი კავშირი შემოწმდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მამაკაცს ადრეც ჰქონდა წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება. ცნობილია, რომ ის რუსეთის მკვიდრია და დიდი ხანია, დონეცკის რეგიონში ცხოვრობს.

დღევანდელი ინციდენტის დეტალებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იარაღით გარეთ გასვლამდე თავდამსხმელმა ბინას ცეცხლი წაუკიდა. სროლის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი: ოთხი ქუჩაში, ერთ-ერთი მძევალი სუპერმარკეტში (სადაც სამართალდამცველებმა შემდგომში თავდამსხმელი მოკლეს), ხოლო კიდევ ერთი ქალი საავადმყოფოში მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

"თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მას მძევლები ჰყავდა და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი მოკლა. მან ოთხი ადამიანი ქუჩაში მოკლა. კიდევ ერთი ქალი საავადმყოფოში მძიმე ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ოთხი მძევალი გადაარჩინეს, თუმცა ამ დროისთვის დაშავებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა და პრეზიდენტი არ გამორიცხავს, ​​რომ ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაჭრილებს შორის 12 წლის ბიჭია, რომელიც ამჟამად საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს.

18 აპრილის საღამოს, კიევში შეიარაღებულმა მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, იქამდე საკუთარ ბინას ცეცხლი წაუკიდა. შემდეგ ის სუპერმარკეტში შევარდა, სადაც მძევლები აიყვანა. სამართალდამცველები მასთან 40 წუთი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. მას შემდეგ, რაც მან ერთ-ერთი მძევალი მოკლა, სპეცრაზმმა სუპერმარკეტში შტურმი განახორციელა. შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და დაკავების დროს მოკლეს. უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა მამაკაცის ქმედებები ტერორისტულ თავდასხმად შეაფასეს.