აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან ალასკაში „ძალის დემონსტრირება“ იყო.

"ალასკა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ძალის დემონსტრირება იყო. მან პრეზიდენტი პუტინი მიიწვია იმ მიწაზე, რომელიც ოდესღაც რუსებს ეკუთვნოდათ. მან უზარმაზარი სამხედრო ტექნიკა აჩვენა და შემდეგ საჰაერო შოუ მოაწყო. ეს იყო შენი ურჩი მეზობლის სახლში მოწვევა და მისთვის იარაღით სავსე სეიფის ჩვენება“, - განაცხადა ბესენტმა.

მისი განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა პარასკევს ალასკაში პუტინს უმასპინძლა, ხოლო ორშაბათს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები გამართა.

ბესენტმა განაცხადა, რომ ზელენსკის გუნდთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ შედგა, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა. მან ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებებს „წარმოუდგენელი“ უწოდა.

„მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება. და ეს არის ამ კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა - ორივე მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა“, - განაცხადა ბესენტმა.