მომდევნო ორი კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განსასაზღვრად. ევროპელი და სხვა პარტნიორები მზად არიან ოპერაციებისთვის არა ფრონტის ხაზზე, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

"უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წინასწარ არის სამუშაო შესასრულებელი. მომდევნო 15 დღე აბსოლუტურად კრიტიკულია ჩვენთვის, რათა დავასრულოთ მუშაობა ამერიკელებთან და მივცეთ შინაარსი ამ უსაფრთხოების გარანტიებს“, - განაცხადა მან ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.

მაკრონმა აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციის ცვლილება, რომელმაც „აღიარა უკრაინის უსაფრთხოების გარანტირების აუცილებლობა“.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, „ბრიტანელები, ფრანგები, გერმანელები, თურქები და სხვები მზად არიან ოპერაციები ჩაატარონ არა ფრონტის ხაზზე, არა პროვოკაციულად, არამედ ოპერაციები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე“.

"ჩვენ გვსურს, რომ ეს მშვიდობა და შესაბამისად, ეს შეთანხმება უკრაინელებს მისცემს შესაძლებლობას, აღადგინონ თავიანთი ქვეყანა და იცხოვრონ მშვიდობიანად, დარწმუნდნენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ მათ ექნებათ საკმარისი შეკავების ძალა, რათა აღარ დაესხნენ თავს და რომ ევროპელები იცხოვრებენ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ“, - განაცხადა მაკრონმა.