მე ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. გასულ კვირას მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან ჯეი დი ვენსთან ერთად მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ. მე ვდგავარ თქვენს წინაშე მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთის მადლით", - აღნიშნა მან.

ტრამპის განცხადებით, დემოკრატებმა არც კი იციან, ვინ იქნება მათი კანდიდატი.

"მათ უნდა ჩაატარონ ყრილობა და რამდენიმე პრობლემა აქვთ. ნომერ პირველი – მათ წარმოდგენა არ აქვთ, ვინ არის კანდიდატი. ეს არის პრობლემა, თუმცა ვნახოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას დიდი ყურადღება იმიგრაციის საკითხს დაუთმო და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გეგმების შესახებ ისაუბრა, რა დროსაც კვლავ აღნიშნა, რომ აშშ-ში კრიმინალები შედიან.

"როგორც კი პრეზიდენტის ფიცს დავდებ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპი მხარდამჭერების წინაშე წინასაარჩევნო აქციაზე პირველად წარდგა. მიჩიგანში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებდა.

13 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს პენსილვანიაში მიტინგზე გამოსვლისას ესროლეს. თავდასხმის შედეგად მან დაზიანება მარჯვენა ყურზე მიიღო.