გამოდიან ზოგიერთი პოლიტიკოსები და ამ ადამიანებს ბოდიშის მოხდას სთავაზობენ, თან იმის აუხსნელად, ვის უნდა მოუხადონ ბოდიში და რატომ უნდა მოუხადონ, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ვეტერანებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

"დღეს არის ვეტერანის დღე და სოლიდარობას ვუცხადებ შეიარაღებული ძალების ყველა იმ მებრძოლს, რომელმაც თავისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გაწირა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს ადამიანები დღესაც იბრძვიან სხვადასხვა ფრონტზე საქართველოს განვითარებისთვის და სამწუხაროდ, დღევანდელი აწმყო და რეალობა არის ისეთი, რომ გამოდიან ზოგიერთი პოლიტიკოსები და ამ ადამიანებს ბოდიშის მოხდას სთავაზობენ, თან იმის აუხსნელად, ვის უნდა მოუხადონ ბოდიში და რატომ უნდა მოუხადონ. ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან ეს ბოდიში პირდაპირ ებმის ამ ლოგიკურ ჯაჭვად, რომ ქვეყნის პირველი პირი, შენს ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს, შემდგომ, აუხსნელად ამბობენ, რომ ვიღაცას ბოდიში უნდა მოუხადონ, შემდგომ ოკუპანტი მხარე ამ ბოდიშს არ აფასებს და გეუბნება, რომ შენ თუ გინდა მოიხადე ბოდიში, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, შემდეგ გამოდიან სეპარატისტები და თავის ამბიციას ღიად აფიქსირებენ გუდაურზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთად, პირველ რიგში, ქართული ჯარისთვის არის შეურაცხყოფა და მე ამ ხალხს მინდა გამოვუცხადო სრული თანადგომა იმ ბრძოლაში, რომელიც მათ ბოლო 30 წლის განმავლობაში გასწიეს. მე ვპირდები მათ, რომ აღვადგენ მათ ღირსებას", - განაცხადა გახარიამ.

26 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას გახარიამ აღნიშნა, რომ შემდეგი ერთი წელი არის კრიტიკული, იმისთვის რომ, ქვეყანა ნორმალური, ევროპული განვითარების ტრაექტორიაზე დაბრუნდეს.

"ჩვენ არანაირი ფასეულობრივი თანხვედრა ნაცებთან არ გვაქვს, ეს ჩვენი პოლიტიკური განაცხადია. საქართველოში ხალხის უმრავლესობას უნდა ევროკავშირი და ეს არის ის, რაც გვაერთიანებს, ამიტომ მოვაწერეთ ხელი "ქართულ ქარტიას". მე შემიძლია ჩემი შეცდომების აღიარება, ნაცებს არ შეუძლიათ, რადგან ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ შეცდომებს და სანამ ეს არ მოხდება მათთან თანამშრომლობა რთულია. ბევრი მათგანი ამბობს, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ჩემთვის არ არის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი.

მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, "ოცნებამ" ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა, მაგრამ ბევრი კარგიც გააკეთა. ჩვენი მიდგომაა, რომ სადაც კარგი გაკეთდება ის ვაღიაროთ. ეს ქვეყანა არც ნაცებისაა, არც ქოცების, ეს ქვეყანა ხალხისაა.

ჩემი მარტო ყოფნა, განსაზღვრავს ჩემი დამოუკიდებლობის ხარისხს, მე არ მყავს სპონსორები და დამფინანსებლები, როგორც ყველა სხვას, რადგან მე ჩემი თავისუფლების ხარისხს ვუფრთხილდები. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, ეს არჩევნები ორი სცენარია, თუ არ ჩატარდა დემოკრატიულად და თავისუფლად და თუ არჩევნების შემდგომ სწრაფად არ მოხდა მშვიდობიან გარემოში მთავრობის დაკომპლექტება, რომელიც დაიწყებს გაწევრიანების პროცესის განახლებას, არავინ ჩვენ წელიწადზე მეტი მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად გაწევრიანება რომ დავიწყოთ, არავინ არ დაგველოდება. ეს ასეა და შემდეგი ერთი წელი არის კრიტიკული იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური, ევროპული განვითარების ტრაექტორიაზე“, - განაცხადა გახარიამ "მთავარი არხის" ეთერში.