გიორგი გახარია სხვებისგან განსხვავებით, ვინც იქ უბრალოდ ახლოსაც ვერ მივიდოდა, იქ მივიდა და ადგილიდან მართავდა ამ პროცესს, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებდა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი. კანონის შესაბამისად, თვითონ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს და თვითონვე აღასრულებდა, რა თქმა უნდა, ერთპიროვნულად, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,  ეს იყო ორგანიზებული შტურმი, რომელსაც, მისდა საუბედუროდ, მოჰყვა ადამიანების დაზიანება, მაგრამ ეს იყო ღონისძიება პარლამენტის შენობის შტურმისგან დაცვისათვის.

"გიორგი გახარია სხვებისგან განსხვავებით, ვინც იქ უბრალოდ ახლოსაც ვერ მივიდოდა, იქ მივიდა და ადგილიდან მართავდა ამ პროცესს, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებდა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი კანონის შესაბამისად, თვითონ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს და თვითონვე აღასრულებდა, რა თქმა უნდა, ერთპიროვნულად. 20 ივნისის მოვლენების დროს ადამიანების გაბრაზება, რა თქმა უნდა, იყო გულწრფელი და ამ გაბრაზებულ ადამიანებს პოლიცია ეხმარებოდა, უვლიდა, წყალს ალევინებდა, თავზე იყო გადაყოლილი და რატომ იცით? იმიტომ რომ ხვდებოდა და მეც ვხვდებოდი იმ შეცდომას, რაც გავრილოვის პერსონასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ რაღაც მომენტში, ზუსტად ვიღაც რადიკალური, რევანშისტული, უვარგისი და ქვეყნის მტერი ძალის თავში მოიხარშა იდეა, რომ ეს არის სწორი შესაძლებლობა და მომენტი იმისთვის, რომ გადატრიალება მომხდარიყო.

გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე ორგანიზებული ღამის პერიოდში და ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ეს არის საერთაშორისო შეფასებები. ეს იყო ორგანიზებული შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, სახელმწიფო ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილების მიზნით და ამ ორგანიზაციის უკან იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც გასცეს ბრძანება შტურმის დაწყებაზე, რომლებმაც პარლამენტის დარბაზი შეავსეს ადამიანებით, რომლებსაც პარლამენტთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, მიუხედავად ამისა, პოლიცია 3 საათის განმავლობაში, ამ ყველაფერს ითმენდა, სანამ არ გახდა სახიფათო სიცოცხლისთვის პოლიციელებისა.

მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ორგანიზებული შტურმი, რომელსაც, ჩემდა საუბედუროდ, მოჰყვა ადამიანების დაზიანება, მაგრამ ეს იყო ღონისძიება პარლამენტის შენობის შტურმისგან დაცვისათვის. ერთხელ გაგჩენიათ კითხვა, შტურმის ორგანიზატორები, რომლებიც გაქრნენ და დაიმალნენ, რომლებსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ კითხვა დაუსვით ერთხელ მაინც რაიმეზე? შტურმის ორგანიზატორებმა, რომლებმაც დააორგანიზეს და დაიწყეს ეს შტურმი, მერე ბავშვები შეატოვეს პოლიციას და თვითონ დაიმალნენ, მათ არაფრის თავი არ აქვთ, ჩვეულებრივი კურდღლები არიან, იმიტომ რომ, რაღაცას, რომ აპირებ და იწყებ იმის თავი უნდა გქონდეს, რომ გამოხვიდე და თქვა, რომ ამას ვაკეთებდი მე და ვაკეთებდი იმიტომ, რომ მიმაჩნია ეს მთავრობა არის უვარგისი.

ფაქტია ის, რომ ვიღაცამ დააორგანიზა შტურმი პარლამენტში შეჭრის მიზნით, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი, მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და ჩემი მთავარი ამოცანა იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა. ახლაც იმავეს გავაკეთებდი, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ავადმყოფური მიზანი ნებისმიერ ფასად, ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ფიზიკური ძალადობის ფასადაც კი, როგორმე ხელისუფლებაში მოვიდეს, არის დასამთავრებელი და მაშინ მე ამაში ჩემი მცირე წვლილი შევიტანე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ "მთავარი არხის" ეთერში.