ევროკავშირი უნდა შეიარაღდეს, რომ "გადარჩეს" მზარდ გაურკვეველ მსოფლიო წესრიგში. რადიკალურად უნდა გაიზარდოს სამხედრო ხარჯები, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

"თუ ევროპას სურს გადარჩენა, ის უნდა იყოს შეიარაღებული. არ არსებობს ალტერნატივა - ევროპამ უნდა დაიწყოს თავის დაცვა და შესაბამისად, მან უნდა დაიწყოს ევროპული ფულის დახარჯვა თავდაცვისთვის", - განაცხადა ტუსკმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირი უნდა იყოს მოქნილი, კრეატიული და გადამწყვეტი, რათა "რადიკალურად" გაზარდოს სამხედრო ხარჯები და დაიცვას თავი "პოტენციური სარაკეტო საფრთხეებისგან" - და ააშენოს თავდაცვა აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ. პოლონეთმა უსაფრთხოების გაძლიერება უმთავრეს პრიორიტეტად აქცია ევროკავშირის ექვსთვიანი როტაციული თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც ივნისამდე გაგრძელდება.

ტუსკის თქმით, მსოფლიოს ყველაზე დიდ სავაჭრო ბლოკში თითქმის 450 მილიონი ადამიანი გადის "დეზორიენტაციის" და "სულის კრიზისის" პერიოდს, რადგან ტრამპის დაბრუნება ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის ჩართულობის მომავალს კონტინენტის უსაფრთხოების გაძლიერებაში.

"ნუ იკითხავთ, რისი გაკეთება შეუძლია ამერიკას ევროპისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის - ჰკითხეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მისთვის, ევროპა იყო, არის და ყოველთვის იქნება დიადი“, - აღნიშნა ტუსკმა.