ჩვენ გვინდა, რომ გაფორმდეს გამარჯვება და გამარჯვებამდე გვჭირდება ის, რომ "ქართული ოცნება" ვერ იყოს პარტია, რომელიც სახელმწიფო რესურსებს ასე იყენებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელახალ არჩევნებამდე საჭიროა ტემპერატურის აწევა.

"ერთი კაცი არის ქვეყანაში, რომელიც ფაშასავით იქცევა და ქვეყნის ინსტიტუციები ემსახურება ერთ კაცს. სანამ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება, ტემპერატურა უნდა იყოს ისეთი მაღალი, როგორიც დაახლოებით ორი თვის წინ იყო. სულ ვიმეორებ - ჩვენ უბრალოდ ხელახალი არჩევნები არ გვჭირდება, ჩვენ არ გვინდა, რომ ოქტომბერი გავიმეოროთ. ჩვენ გვინდა, რომ გაფორმდეს გამარჯვება და გამარჯვებამდე გვჭირდება ის, რომ "ქართული ოცნება" ვერ იყოს პარტია, რომელიც სახელმწიფო რესურსებს ასე იყენებს. პოლიციელს, რომელსაც იმისთვის იყენებენ, რომ ადამიანები სცემონ, იმისთვისაც გამოიყენებენ, რომ არჩევნებზე ხმები მიიზიდოს. როცა უკვე სუნი დადგება იმის, რომ მორჩა, ესენი წასულები არიან, მერე გამარჯვების გაფორმებას თავად შეგვეხვეწებიან", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.