აშშ ამზადებს ახალ ორპარტიულ კანონპროექტს რუსეთზე სანქციების ზეწოლის გასაძლიერებლად. ის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა, - ამის შესახებ სენატორმა ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კანონპროექტი აფართოებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მეორადი სანქციების მიმართ. ეს ვაშინგტონს საშუალებას მისცემს, დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც განაგრძობენ იაფი რუსული ენერგიის შეძენას და ეფექტურად აფინანსებენ რუსეთის სამხედრო კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ.

„კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ დააწესოს მეორადი სანქციები და ტარიფები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც განაგრძობენ იაფი რუსული ნავთობისა და გაზის შეძენას, რითაც მხარს უჭერენ პუტინის საომარ მანქანას“, - წერს გრემი.

მისივე თქმით, ახალი მექანიზმები ტრამპს მისცემს მეტ ინსტრუმენტს კრემლზე ზეწოლისთვის და პუტინის წახალისებისთვის, ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. სანქციებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ მის მოკავშირეებზე, განსაკუთრებით ირანზე.

სენატორმა აღნიშნა, რომ რუსეთის ორი უდიდესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ არსებულმა შეზღუდვებმა „უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა“ და ახალმა პაკეტმა შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს მოსკოვის ეკონომიკური იზოლაცია.