2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
 

მისი შეფასებით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ, ეს მათ თვითონაც არ აწყობთ.

„საერთოდ ბოლომდე გაცამტვერდებიან. ხვალ რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, საკონსტიტუციო უმრავლესობას უმარტივესად მიიღებს „ქართული ოცნება“.  როგორც ნახეთ თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენი მხარდაჭერა არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი, აქედან გამომდინარე, საუბრები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ. თვითონ ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი. თუმცა, აქაც სპეკულირებენ. მეტი შეფასება ამას არ შეიძლება, მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სუბიექტურად თუნდაც რაღაც შეიძლება იყოს საინტერესო, 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.