ეს ადმინისტრაცია არ უნდა შექმნილიყო სულ თავიდან, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. რა სამხრეთ ოსეთი, ბუნებაში არ არსებობს სამხრეთ ოსეთი, სტალინის მოგონილი ტერმინია, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ამის შექმნა იყო შეცდომა, ისეა გაუქმებაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

"გულახდილად რომ ვთქვა, ეს ადმინისტრაცია სულ არ უნდა შექმნილიყო სულ თავიდან, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, მაგრამ იმ კონტექსტში, როგორც შექმნა იყო შეცდომა,  ახლა ეს გაუქმებაც ასეა. სამხრეთ ოსეთის სახელიც არ უნდა აღდგენილიყო, ეს ცოდვაა უდავოდ წინა ხელისუფლების. რა სამხრეთ ოსეთი, ბუნებაში არ არსებობს სამხრეთ ოსეთი, სტალინის მოგონილი ტერმინია. არასოდეს არ არსებობდა ორი ოსეთი, ოსეთი არის იქ, სადაც არის. ეს იყო სიაფანდობა. ეს თამაში სააკაშვილის მიერ იყო შეცდომა, თან მაშინ ჩამოიყვანეს თაღლითები, სხვანაირი ურთიერთობა უნდა ყოფილიყო. ოსებთან ურთიერთობა იყო ძალიან დამთბარი. ჩემი ახლობლები ცხინვალის გავლით დადიოდნენ რაჭაში. ახლა ამის გაუქმება არის ბოდიშის გაგრძელება. სააკაშვილს არ უნდა აღედგინა სამხრეთ ოსეთი, მით უმეტეს, ახალგორი არ უნდა შეეყვანა იმ ადმინისტრაციულ საზღვრებში. ხელისუფლებაში როცა მოვიდა "ოცნება" და მაშინვე გაეუქმებინათ, კი ბატონო, ვიტყოდი, რომ სახელმწიფოებრივად დარდობენ-თქო, მაგრამ ახლა ეს არის დუგინის და ვიღაცა მამაძაღლების დავალება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყება, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული უქმდება.