ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე ათასზე მეტი დარტყმა განახორციელა სხვადასხვა ტიპის იარაღით, დრონებით დაწყებული საჰაერო ბომბებით და რაკეტებით დამთავრებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კიევში რუსული თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.

"ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. გუშინ ღამით რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ 100-ზე მეტი დრონი გაუშვა. ქალაქის რამდენიმე რაიონში საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობები დაზიანდა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. გულწრფელად ვუსამძიმრებ ოჯახებს. ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ყოველი დარტყმა არის მცდელობა, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს ჩვეულებრივ ცხოვრებას.

"ამ კვირაში ეს არის დარტყმები საცხოვრებელ შენობებზე, ჩვენს მოსახლეობაზე, ბავშვებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის რუსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნეები. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ათასობით დარტყმა განახორციელა სხვადასხვა ტიპის იარაღით - სულ რაღაც ერთ კვირაში, თითქმის 1200 თავდასხმის დრონი, 1360-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ამ თავდასხმის მიუხედავად, უკრაინა აქტიურად იცავდა თავს: ბრძოლის ველზე, ცაში და დიპლომატიაში.

"რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი შედეგები არსებობს - ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტი და აშშ-ს ახალი სანქციები რუსული ნავთობის წინააღმდეგ. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების ამ ნაბიჯებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ გავჩერდეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ამ სანქციების სინქრონიზაციას დიდი შვიდეულის და სხვა პარტნიორი იურისდიქციების ფარგლებში ელის.

"და, რა თქმა უნდა, რუსეთისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც მას ფეხზე დადგომაში ეხმარება, დამატებითი ტარიფების და სასანქციო შეზღუდვებია საჭირო. ზეწოლა ნამდვილად დადებითად აისახება მშვიდობაზე. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.