დღევანდელმა 28-ე შეხვედრამ "რამშტაინის" ფორმატში უკრაინას მოკავშირეებისგან უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერა მოუტანა, - ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. მისი თქმით, 2025 წელს უსაფრთხოების დახმარება გადააჭარბებს სრულმასშტაბიანი ომის ყველა წინა წლის მაჩვენებლებს.

"შეხვედრის შემდეგ ჩვენმა პარტნიორებმა გამოაცხადეს ახალი დახმარების პაკეტები და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, - აღნიშნა მან.

დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა რეკორდული დახმარება დრონების მიწოდებისთვის - 350 მილიონი ფუნტი. მინისტრის თქმით, ეს უკრაინას საშუალებას მისცემს 2025 წელს 100 000 დრონი გადასცეს.

საერთო ჯამში, 2025 წელს, ბრიტანეთის სამხედრო მხარდაჭერა 4.5 მილიარდ ფუნტს შეადგენს, საიდანაც 247 მილიონი ფუნტი უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნაზე დაიხარჯება.

გერმანიამ დაამტკიცა 5 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი.

"ბუნდესტაგმა უკვე დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება", - აღნიშნა უმეროვმა.

ნიდერლანდები 400 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს გამოყოფს: ეს მოიცავს ნაღმების აღმოსაჩენ გემს, ნავებს და საზღვაო დრონებს.

ბელგიამ გრძელვადიანი ინიციატივა გამოაცხადა: ყოველწლიური დახმარება უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობით 2029 წლამდე, ნაღმების აღმოსაჩენი გემის გადაცემა.

ნორვეგია გამოყოფს: 700 მილიონ აშშ დოლარს დრონებისთვის, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის ფოკუსირებით, 50 მილიონ აშშ დოლარს ფონდისთვის NSATU Trust Fund.

კანადა: 45 მილიონი აშშ დოლარი დრონებისთვის, ელექტრონული საბრძოლო სისტემებისთვის, IT გადაწყვეტილებებისთვის, ასევე Coyote-ისა და Bison-ის ჯავშანტექნიკისთვის.

შვედეთი: 440 მილიონი ევრო უკრაინისთვის არტილერიის საბრძოლო მასალის, დრონების და სხვა იარაღის შესაძენად.

"მადლობელი ვარ ყველა იმ ქვეყნის, რომელიც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მადლობა ჩემს ძალიან კარგ მეგობრებს, მინისტრ გილს და მინისტრ პისტორიუსს, ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. მშვიდობა უკრაინაში უნდა იყოს სამართლიანი, ხანგრძლივი და დაცული საერთაშორისო ერთიანობით. ერთად ვმუშაობთ ამის მისაღწევად“, - განაცხადა უმეროვმა.

დღეს, 4 ივნისს, ნატოს შტაბ-ბინაში "რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 28-ე შეხვედრა გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ამჯერად პირველად არა პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი, არამედ პენტაგონის წარმომადგენელი კინგსლი უილსონი დაესწრო. მისი თქმით, ჰეგსეთს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს.