უკრაინა და საბერძნეთი შეთანხმდნენ ახალი ენერგეტიკული მარშრუტის შექმნაზე. ის უზრუნველყოფს უკრაინისთვის გაზმომარაგებას ვერტიკალური ენერგეტიკული დერეფნის მეშვეობით ალექსანდროპოლისიდან (ბერძნული ქალაქი) ოდესამდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი მარშრუტი გახდება "უსაფრთხო ენერგეტიკული არტერია“ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს წვდომა ჰქონდეს საიმედო ენერგორესურსებზე. მისივე თქმით, საბერძნეთი უკვე წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარ ცენტრს და პროექტი გააძლიერებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

"ეს გადამწყვეტი წვლილია ჩვენი და თქვენი რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. პროექტი შესაძლებელი გახდა საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და სტრატეგიული პარტნიორობის წყალობით“, - აღნიშნა მიცოტაკისმა.

ალექსანდრუპოლისის ბერძნული პორტიდან გაზი ოდესაში ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვას გავლით გადაიტანება.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა, რომ საბერძნეთის გავლით უკრაინაში გაზის პირველი მიწოდება 2026 წლის იანვარში დაიწყება. მისი თქმით, შეთანხმებები უფრო ფართო ენერგეტიკული პაკეტის ნაწილია, რომელიც უკრაინამ ზამთრისთვის მოამზადა, რათა რუსული თავდასხმების შედეგად საკუთარი წარმოების დანაკარგების კომპენსირება მოახდინოს.

"ეს ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. პირველი შეთანხმებები პირველ კვარტალში ამოქმედდება. ასევე არსებობს გრძელვადიანი პროექტები - ჩვენმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა ისინი განიხილეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საბერძნეთს და შეერთებულ შტატებს, რომლებიც უკრაინის ენერგორესურსებით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.