მსოფლიომ უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები, რათა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა აიძულოს, - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსების თავდასხმას სუმზე, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა.

"დღეს დილით ორი რუსული რაკეტა მოხვდა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრს, რამაც გამოიწვია მრავალი მსხვერპლი, მათ შორის ისევ არიან ბავშვები“, - აღნიშნა მაკრონმა.

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ ეს ომი მხოლოდ რუსეთს სურდა და დღესაც აშკარაა, რომ მხოლოდ რუსეთი ირჩევს მის გაგრძელებას.

"ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი. მიუხედავად ადამიანური მსხვერპლისა, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური წინადადებებისა, საჭიროა გადამწყვეტი ზომები, რათა ვაიძულოთ რუსეთი, შეწყვიტოს ცეცხლი.

მსხვერპლებს, დაჭრილებს, მთელ უკრაინას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს - ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პატივისცემა, ჩვენი ერთგულება", – აცხადებს ემანუელ მაკრონი.

ბოლო მონაცემებით, სუმში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი დაიჭრა, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.