ბელარუსის მთელი ტერიტორია უკრაინული იარაღის მოქმედების ზონაშია და იქიდან კიდევ ერთი თავდასხმის შემთხვევაში, ქვეყნის ძირითადი ობიექტები განადგურდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გამოცემა "ზერკალოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ უკრაინის მიმართ ბოლო დროს გამოთქმული მუქარა წმინდა პროპაგანდაა, თუმცა თუ ბელარუსი კვლავ დაუშვებს რაკეტების ან დრონების გაშვებას მისი ტერიტორიიდან, კიევი მას საომარი მოქმედებების აქტიურ მონაწილედ ჩათვლის.

მან აღნიშნა, რომ მინსკისთვის შედეგები იგივე იქნება, რაც რუსეთის ფედერაციისთვის, შორი მანძილზე მოქმედი ტექნოლოგიების წყალობით, უკრაინას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში, ბელორუსის ტერიტორიაზე ნებისმიერ მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყას.

"მაშინ ნახევრად ცარიელი ავტომატით, უფრო სწორად კი, მჭიდის გარეშე "კალაშნიკოვით" სირბილი უბრალოდ ბავშვური თამაში იქნება“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, უკრაინის დაზვერვა ამჟამად აღრიცხავს სამხედრო დანაყოფების გადანაწილებას და საერთო საზღვრის გასწვრივ ბანაკების მშენებლობას. ამ პროვოკაციების მიუხედავად, ბელორუსის არმიის ძალები არასაკმარისია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, რეალური შეტევისთვის რუსეთს მნიშვნელოვანი რეზერვების გამოყოფა მოუწევს, რაც ამჟამად ფრონტის სხვა მონაკვეთებზე აქტიური ბრძოლების გამო არ გააჩნია. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები სრულად აკონტროლებენ ჩრდილოეთ საზღვარს, იქ მკაფიო ლოგისტიკა და თავდაცვისთვის ყველა საჭირო მიზანი განსაზღვრული აქვთ.

"როგორც ბატონი ბროვდის (USF-ის მეთაური რობერტ "მაგიარ" ბროვდი), ასევე ყველა სხვა უკრაინელი სამხედროს რიტორიკა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: "დაფიქრდით, სანამ ნაჩქარევ ნაბიჯებს გადადგამთ“. ანუ, ჩაერთოთ თუ არა აქტიურ ბრძოლაში“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, ბელარუსის საზოგადოება, რუსეთისგან განსხვავებით, კატეგორიულად არ უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს. ბელარუსის მოქალაქეები გაცილებით უკეთ აცნობიერებენ მშვიდობასა და ომს შორის განსხვავებას და ხედავენ რუსული აგრესიის საშინელებებს. ამიტომ, ლუკაშენკომ ესკალაციაზე გადასვლამდე უნდა აწონ-დაწონოს შიდა რისკები და პირადი შედეგები.

"როგორც ფრთხილ ადამიანს, რომელსაც სურს პენსიამდე მიაღწიოს, უზრუნველყოს ხელისუფლების გადაცემა და შექმნას დინასტია (ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სარკაზმით ვამბობ), მისთვის დღეს უმჯობესი იქნებოდა უბრალოდ გაჩუმდეს“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.