ჩემზე კარგად ივანიშვილმა იცის, რომ მისი ხელისუფლებიდან განდევნა მისი დამხობაა. მე არ მოვუწოდებ ადამიანებს არაფრისკენ, არ მივიჩნევ თავს ადამიანად, სხვას რამე მოუწოდოს, მე ვამბობ ჩემს პოზიციას, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ის თუ თვლის, რომ ქვეყანაში დიქტატურაა, ლეგიტიმური უფლებაა დამხობა.

"მე ვთქვი, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაემხოს, ამის უფლება ადამიანებს ბუნებით გვაქვს მონიჭებული. არ არსებობს ისეთი ვითარება, რომელსაც შეუძლია ადამიანს ბუნებითი უფლება შეუზღუდოს, სხვა საკითხია, ვინ თვლის, რომ დიქტატურა არის და ვინ - არა. თუ ვთვლით, რომ დიქტატურაა, ლეგიტიმური უფლებაა, დამხობა. 

ბატონო რომეო, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ორჯონიკიძე, ფილიპ მახარაძე და ა.შ. რომ დაემხოთ, ჰქონდათ თუ არა უფლება? რა თქმა უნდა, ჰქონდათ, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, დამარცხდნენ.

მე ვთვლი, რომ ეს არის დიქტატურა. გაურკვეველ ვითარებაში ვცხოვრობთ, ყველას ესმის, რომ ეს არის დიქტატურა, ვინმეს სიღრმისეულად რომ დაელაპარაკო, ყველა გეტყვის - "ეს კაცი ასე არ წავა", აი, ეს ვითარებაა. ჩემზე კარგად ივანიშვილმა იცის, რომ მისი ხელისუფლებიდან განდევნა მისი დამხობაა.

მე არ მოვუწოდებ ადამიანებს არაფრისკენ, არ მივიჩნევ თავს ადამიანად, სხვას რამე მოუწოდოს, მე ვამბობ ჩემს პოზიციას", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. საქმე 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას მეორე ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.