აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაზე დარტყმები განიხილეს, - ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.

"მე ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. საუბარი დაახლოებით საათსა და 15 წუთს გაგრძელდა“, - წერს ტრამპი.

მისი თქმით, მათ განიხილეს "უკრაინის თავდასხმა აეროპორტში გაჩერებულ რუსულ თვითმფრინავებზე, ასევე სხვადასხვა სხვა თავდასხმები, რომლებიც ორივე მხარემ განახორციელა“.

"ეს იყო კარგი საუბარი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობას გამოიწვევს. პუტინმა ძალიან მტკიცედ განაცხადა, რომ იძულებული იქნება უპასუხოს აეროდრომებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმას“, - წერს ტრამპი.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა ასევე ირანის საკითხზე ისაუბრა.

"ჩვენ ასევე განვიხილეთ ირანი და ის ფაქტი, რომ ირანის მიერ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დრო იწურება, რაც სწრაფად უნდა იქნეს მიღებული. მე განვუცხადე პრეზიდენტ პუტინს, რომ ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მჯერა, რომ ამ საკითხზე ჩვენ შევთანხმდით. პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა, რომ მონაწილეობას მიიღებდა ირანთან მოლაპარაკებებში და შესაძლოა, ის შეძლებდა დახმარებას ამ საკითხის სწრაფად დასრულებაში. ჩემი აზრით, ირანი ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს და ჩვენ ძალიან მოკლე დროში დაგვჭირდება საბოლოო პასუხი“, – წერს ტრამპი.