რუსეთის წარმომადგენლების განცხადებები კურსკის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ რეალობას არ შეესაბამება, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

"აგრესორი სახელმწიფოს წარმომადგენლების განცხადებები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების სავარაუდო დასრულების შესახებ არ შეესაბამება რეალურ ვითარებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედება კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონების გარკვეულ მიმართულებებზე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ პირობები კვლავ რთულია, უკრაინელი დამცველები ინარჩუნებენ პოზიციებს, ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს და ეფექტურად ამარცხებენ მტერს.

მისივე განცხადებით, საერთო ჯამში, კურსკის მიმართულებით ოპერაციის დაწყებიდან მოყოლებული, მოწინააღმდეგემ 63,402 სამხედრო დაკარგა, მათ შორის 25,625 დაიღუპა, ტყვედ აიყვანეს მოწინააღმდეგის 971 ჯარისკაცი. განადგურდა ან დაზიანდა მოწინააღმდეგის 5,664 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა.

გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, რომ უკრაინული ქვედანაყოფები ასევე აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გარკვეულ რაიონებში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაცია 2024 წლის 6 აგვისტოს დაიწყო. 11-წლიანი ომის შემდეგ პირველად, საომარი მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.

ოპერაციის პიკზე, თავდაცვის ძალები კურსკის ოლქის 1300 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიას აკონტროლებდნენ, მაგრამ რუსები შეტევაზე გადავიდნენ. რუსეთის ფედერაციამ ბრძოლაში დაახლოებით 12 ათასი ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცი გამოიყვანა.

გენერალური შტაბის მონაცემებით, კურსკის ოპერაციის დაწყებიდან მოყოლებული, მტერმა 63 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, დაღუპული და დაჭრილი. მათგან დაახლოებით 4 ათასი ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეა.

2025 წლის აპრილის ბოლოს რუსეთმა კურსკის ოლქის სავარაუდო "განთავისუფლების“ შესახებ განაცხადა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.