გერმანიას არ სურს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობა მიღწეული იყოს ნებისმიერი პირობით, უკრაინის კაპიტულაცია მოსკოვს საშუალებას მისცემს, მოემზადოს კიდევ ერთი ომისთვის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცმა საფრანგეთის, პოლონეთისა და მოლდოვას ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, მაგრამ "არა ნებისმიერ ფასად“.

"ჩვენ არ გვინდა, უკრაინის კაპიტულაცია. ასეთი კაპიტულაცია რუსეთს მხოლოდ დროს მისცემს და პუტინი ამ დროს შემდეგი ომისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს“, - აღნიშნა მან.

გერმანიის კანცლერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა და უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობა ჯერ კიდევ შორს არის. მისი თქმით, რუსეთი შედეგებს განიცდის, თუ პუტინი არ მოისურვებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად, რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინელი დამცველები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან სრულად გავიდნენ, სანაცვლოდ, მოსკოვი თითქოს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ფრონტის ხაზის გაყინვას სთავაზობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მოსკოვის წინადადებები რეალურად უკრაინის კაპიტულაციას ითვალისწინებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი, ასეთი მოთხოვნების კომენტირებისას, აღნიშნა, რომ რუსეთის „მზადყოფნა“, დათმობა არ არის.