რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ეთანხმება შეერთებული შტატების იდეას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა არის ნიუანსები.

პუტინმა განაცხადა, რომ მას სურს მადლობა გადაუხადოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის ომის საკითხზე ყურადღებისთვის.

"ჩვენ ყველა მათგანს მადლობელი ვართ ამისთვის, რადგან ეს აქტივობა მიზნად ისახავს სამხედრო მოქმედებების და ადამიანური დანაკარგების შეწყვეტის კეთილშობილური მისიის მიღწევას. პირველი. მეორე. ჩვენ ვეთანხმებით წინადადებებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს დასასრული უნდა იყოს ისეთი, რომ გამოიწვიოს გრძელვადიანი მშვიდობა და აღმოფხვრას ამ კრიზისის საწყისი მიზეზები", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, უკრაინამ გადაწყვეტილება ამერიკელების ზეწოლის ქვეშ მიიღო.

"რაც შეეხება უკრაინის მზადყოფნას, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ამერიკულ-უკრაინული შეხვედრა საუდის არაბეთში შესაძლოა, გარეგნულად  გამოიყურება როგორც უკრაინული მხარის მიერ ამერიკული ზეწოლით გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სინამდვილეში, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინულ მხარეს უნდა ეთხოვა ეს ამერიკელებისთვის ყველაზე დაჟინებული გზით იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია ადგილზე“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია რა მოხდება კურსკის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის დროს. ის ამტკიცებს, რომ რუსეთი თითქოს სრულად აკონტროლებს სიტუაციას. პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციას კურსკის ოლქში ტერორისტული აქტი უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები იზოლაციის წინაშე აღმოჩნდებიან.

მას მიაჩნია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონის დატოვებას მხოლოდ ორი გზით შეძლებენ: დანებება ან სიკვდილი. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, უკრაინა უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.

"30 დღით რომ შევაჩეროთ სამხედრო მოქმედებები, რას ნიშნავს, რომ ყველა ვინც არის იქ წავა უბრძოლველად? უნდა გავუშვათ ისინი იქიდან მას შემდეგ, რაც ჩაიდინეს ბევრი დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ? თუ უკრაინის ხელმძღვანელობა იარაღის დაყრის და უბრალოდ ჩაბარების ბრძანებას გასცემს? როგორ იქნება?  გაუგებარია”, - განაცხადა პუტინმა.

პუტინი შიშობს, რომ უკრაინა გამოიყენებს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა გააძლიეროს თავისი არმია როგორც ჯარით, ასევე ახალი ტექნიკით.

"იმისათვის, რომ იქ იარაღი იყოს მიწოდებული, ახლად მობილიზებულმა ქვედანაყოფებმა გაიარონ წვრთნა და ეს არ მოხდეს, ჩნდება კითხვა, როგორ გადაწყდება კონტროლისა და გადამოწმების საკითხები. როგორ გვექნება გარანტია, რომ მსგავსი არაფერი მოხდება?” – განაცხადა მან.

პუტინის თქმით, მან არ იცის, ვინ გასცემს ბრძანებას ბრძოლის შეწყვეტის შესახებ.

"ვინ გასცემს განკარგულებებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და როგორია ამ ბრძანებების ფასი? ვინ განსაზღვრავს, ვინ და სად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო შეთანხმება? და შემდეგ, ვინ ვის გადააბრალებს ამ შეთანხმების დარღვევას? ამ საკითხებს სჭირდება ორივე მხრიდან დეტალური შესწავლა. ამიტომ, თავისთავად იდეა სწორია და ჩვენ მას უპირობოდ მხარს ვუჭერთ, თუმცა არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთანაც, პარტნიორებთან, შესაძლოა, ტრამპს დავურეკოთ და მასთან განვიხილოთ, თუმცა თავისთავად ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულების იდეა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილია“, - განაცხადა პუტინმა.