უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარი დაუჭირა აშშ-ის ლიდერის დონალდ ტრამპის მოწოდებას ნატოს ქვეყნების მიმართ, შეწყვიტონ რუსული ნავთობის შეძენა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს ყველა იურისდიქციაში და „ჩვენი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რუსული ნავთობით და სხვა ენერგორესურსებით ვაჭრობაა“.

მისივე თქმით, რუსული ნავთობის მოხმარება უნდა შემცირდეს და ეს, თავის მხრივ, ნამდვილად შეამცირებს რუსეთის ბრძოლისუნარიანობას.

"ბევრი რამ კეთდება და ამაში ყველაზე ეფექტური უკრაინელი სამხედროების გრძელვადიანი ნაბიჯები და სიზუსტეა: სანქციები, რომლებიც ყველაზე სწრაფად მოქმედებს, ჩვენი ჯარისკაცების დარტყმებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა ყველა პარტნიორის მიმართ, რომლებიც ზღუდავენ რუსული ენერგორესურსების შესყიდვებს.

ამავდროულად, მან მხარი დაუჭირა ტრამპის მოწოდებას ნატოს ქვეყნებისადმი, შეწყვიტონ რუსული ნავთობის შეძენა. თუმცა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველამ უნდა გადადგას ნაბიჯები ომის დასასრულებლად.

„ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატების პოზიციას და ეს პოზიცია უნდა მოისმინოს ყველამ, ვინც კვლავ რუსეთიდან ირჩევს მომარაგებას და არა სხვა პარტნიორებისგან. ყველამ, ვისაც სურს ამ ომის დასრულება, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული საომარი მანქანის შესაჩერებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა ტრამპის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინაში ომი, თითქოს "ბაიდენის და ზელენსკის" ომია.

"ეს მხოლოდ რუსეთის ომია, პუტინის ომი. ყველა ხედავს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომია. ყველა ხედავს, რომ პოლონეთს უტევენ რუსული დრონებიც. და ეს გაფრთხილებაა არა მარტო პოლონეთის, არამედ მთელი ევროპის. რუსულ დრონებს გაცილებით დიდ მანძილზე შეუძლიათ ფრენა. ეს უკვე ძალიან ხანგრძლივი ომია - რუსეთის ამბიციების, შესაძლებლობების და ბიუჯეტის ომი. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, შეწყვიტონ საბაბების ძებნა, რომ არ დააწესონ კონკრეტული სანქციები. თუ პუტინს მშვიდობა არ უნდა, ის უნდა აიძულონ. პუტინის ომი დამთავრდება მაშინ, როდესაც ის და მხოლოდ ის, ვეღარ გააგრძელებს მას", - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა რუსეთის წინააღმდეგ "სერიოზული“ სანქციები დააწესოს, მაგრამ იმ პირობით, რომ ნატოს ყველა ქვეყანა შეწყვეტს რუსული ნავთობის შეძენას.

"მე მზად ვარ რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დავაწესო, როდესაც ნატოს ყველა ქვეყანა იმავეს გააკეთებს და როდესაც ნატოს ყველა ქვეყანა შეწყვეტს რუსეთის ფედერაციისგან ნავთობის ყიდვას“, - წერს ტრამპი.

მისივე თქმით, ნავთობის ყიდვა მნიშვნელოვნად ასუსტებს მოლაპარაკების პოზიციას და ვაჭრობის ძალას რუსეთთან მიმართებაში.