უკრაინამ უახლოეს თვეებში რუსეთთან ომში შესაძლოა, უფრო აქტიური ოპერაციები დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"უკვე მომდევნო თვეებში ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო აქტიური ფრონტის ხაზზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიოში ჩვენი ნაბიჯების მხარდაჭერა იყოს მაქსიმალურად ეფექტური“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, დააჩქარონ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის.

"ბახმუტის მახლობლად მეომრები ვერ ელოდებიან კვირების განმავლობაში რუსებისთვის საარტილერიო პასუხს. მყისიერი უნდა იყოს საფრთხის განეიტრალება. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს ასეთივე სწრაფი, მაგრამ რატომ არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო ნელი, ვიდრე რუსული აგრესია", -  განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, გლობალური ზეწოლა რუსულ ელიტაზე უფრო სუსტია, ვიდრე მისი მოტივი.

”თქვენი სურვილი დაიცვათ თქვენი დემოკრატიები ნაკლებად გადამწყვეტია, ვიდრე მათი განზრახვა, ვისაც სურს მსოფლიო ომი დემოკრატიის წინააღმდეგ. დემოკრატიებს დახმარება სჭირდებათ ახლა, წელს და არა ოდესღაც. ჩვენ შეგვიძლია ეს უზრუნველვყოთ, მაგრამ ვიმოქმედოთ! გთხოვთ, კოლეგებო, იმოქმედეთ!" - განაცხადა ზელენსკიმ.